განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
30 აპრილი, 2026. ხუთშაბათი
GE
GE
მოგზაურობა და დასვენება
08.05.2010
საგაზაფხულო შოპინგი შვეიცარიაში
 
გაზაფხული, წელიწადის ის  ნათელი და განსაკუთრებული დროა,  რომელიც აუცილებლად გვიბიძგებს სხვადასხვა სახის  ცვლილებებისკენ:  გარდერობი, აქსესუარები, შესაძლებელია სტილი და გარეგნული იერიც კი. გამგზავრება შვეიცარიაში  მშვენიერი შესაძლებლობაა შეუთავსოთ ერთმანეთს დასვენება, ექსკურსიები და შოპინგი. გაზაფხულზე კი ამასთანავე ისიამოვნოთ საკმაოდ დიდი ფასდაკლებებით. 

შოპინგის მოყვარულთათვის შვეიცარიაში ყველაზე გამორჩულია ორი ქალაქი – ჟენევა და ციურიხი. ჟენევაში საუკეთესო მაღაზიები, მათ შორის ცნობილი დიზაინერების ბუტიკები განლაგებულია ქუჩაზე რონი (რიუ დიუ რონ), სადაც გუჩის და ვალენტინოს ბუტიკებს ენაცვლება  მდიდრული საიუველირო მაღაზიები.
 
ოდნავ მოშორებით ძველი ქალაქის მისადგომებთან განლაგებულია ნაკლებად მდიდრული , მაგრამ საკმაოდ პოპულარული ქუჩები: რიუ დე კონფერანსიონ, რიუ დე მარშე, რიუ დე ლაკრუა დორ და რიუ დე რივ. ერთმანეთზე  გადაჯაჭვული ეს ქუჩები წარმოადგენენ ერთ დიდ სავაჭრო გალერეას, რომლის ორივე მხარეს განლაგებულია უამრავი ბუტიკი. აქვე მდებარეობს  ცენტრი კონფედერასიონი, რომელიც იტევს 50–ზე მეტ მაღაზიასა და ბუტიკს. ანტიკვარიატის, წიგნების და ალბომების შესაძენად უმჯობესია გაემგზავროთ გრანდ რიუსა და მოედან ბურგ დე ფურიდან გამომავალ ქუჩებზე. სუვენირების უდიდეს არჩევანი  შვეიცარული დანებიდან უფრო დახვეწილ და მინიატურულ ნივთებამდე გელოდებათ რიუ დე მონბლანზე.

ჟენევაში შოპინგის უპირველეს საგანს რა თქმა უნდა წარმოადგენს საიუველირო ნაკეთობები და შვეიცარული საათები. საუკეთესო საიუველირო სახლებს რეგულარულად გამოაქვთ აუქციონებზე თავისი შედევრები, თუმცა საკმაოდ საინტერესო სამკაულები და საათები შესაძლებელია მოიძიოთ ქალაქის ცენტრში მდებარე ნებისმიერ მაღაზიაში.
 
უცნაურის და არატრადიციულის მოყვარულთა განსაკუთრებულ ყურადღებას კი იმსახურებს ცნობილი ოსტატის ჟილბერ ალბერტის (Gilber Albert) მაღაზია, სახელოსნო და საიუველირო საქმის მუზეუმი. „სამკაულის სილამაზე იმალება შესრულების ორიგინალურ იდეაში და არა კარატების  რაოდენობაში“ ასე მოკლედ ჩამოაყალიბა მან  თავისი  საიუველირო სახლის დევიზი, რომლის სახელი იქცა ლეგენდად. ოსტატის საყვარელი თემა– დედამიწის საგანძური, ცა და ზღვა. ჟილბერის შთაგონების წყაროს სწორედ ბუნება წარმოადგენს. ფერთა განსაკუთრებული გამმით გამორჩეული ჟილბერისეული პეპლები, მწერები, ზღვის ბინადრები არავის ტოვებს გულგრილს. მის მიერ დაპატენტებული ქვების ჩანაცვლების  ტექნოლოგია შესაძლებელს ხდის შეიცვალოს სამკაულის ფერთა გამმა.

შვეიცარიაში ყოფნისას მნიშვნელოვანია არ დაგავიწყდეთ მაღაზიების მუშაობის განრიგი.
არ გადადოთ შოპინგზე წასვლა საღამო ხანზე ან კვირა დღეზე, როგორც წესი ბუტიკებიც კი არ მუშაობენ კვირის ბოლო დღეს. ჟენევაში მაღაზიები ჩვეულებრივ ღიაა სამუშაო დღეებში   9.00–დან 18:30 საათამდე და შაბათს 9.00–დან 17.00 საათამდე.  ქალაქის საქმიან ნაწილში ხუთშაბათობით მაღაზიები მუშაობს 20.00 საათამდე.
შოპინგის მოყვარულებისთვის კიდევ ერთი სასიამოვნო ადგილი შვეიცარიაში–  ეს არის რა თქმა უნდა  Tax Free.  თუ ერთ მაღაზიაში თქვენი შენაძენის ღირებულება აღემატება 400 ფრანკს თქვენ შეგიძლიათ ქვეყნიდან გასვლისას დაიბრუნოთ დღგ (7,6%). ამისთვის პირველ რიგში აუცილებელია ყიდვის დროს მოიკითხოთ ჩეკი Global Refund Cheque. აეროპორტში ნაყიდი საქონლის წარმოდგენისას  საბაჟო სამსახური  მაღაზიის ჩეკს დაადებს სპეციალურ ნიშნულს, რის შემდგომ შესაძლებელია მიიღოთ ფული Cash Refund ოფისში, ან გადარიცხოთ თანხა საკრედიტო ბარათსა თუ საბანკო ანგარიშზე. მოქმედი წესების მიხედვით დღგ–ს დაბრუნება ხდება იმ შემთხვევაში თუ ნივთის შეძენიდან  გასულია 30 დღეზე ნაკლები.
 
ციურიხი – შვეიცარიის საქმიანი დედაქალაქი, რომელიც ასევე გამოირჩევა მაღაზიების დიდი სიუხვით. ქალაქის ცენტრში, სადგურიდან სულ რაღაც 2 ნაბიჯში მდებარეობს ცნობილი ქუჩა ბანჰოფშტრასე (Bahnhofstrasse), სადაც თავმოყრილია ექსკლუზიური მაღაზიების უმრავლესობა. ამ ქუჩაზე თქვენ შეიძენთ ყველაფერს: საათს, ჩანთას,  ტანსაცმელს, შოკოლადს თუ ყველს. ამ ქუჩაზე განლაგებულია უამრავი ანტიკვარული თუ სუვენირებით მოვაჭრე მაღაზია. განსაკუთრებით სასიამოვნოა საჩუქრების და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა ციურიხის ძველ ნაწილში.

ციურიხის რკინიგზის სადგურის ქვეშ, რომელიც წარმოადგენს ქალაქის მთავარ სიამაყეს განლაგებულია სავაჭრო ცენტრი– ShopVille. ეს არის უზარმაზარი ცენტრი უამრავი მაღაზიითა თუ სავაჭრო დახლით. ელიტარული დიზაინერული ნივთების შესაძენად უმჯობესია გაემართოთ ზევით ბანჰოფშტრასეზე, ხოლო სხვადასხვა სახის ნაკლებ ღირებული ნივთები კი  შეიძნოთ სწორედ ShopVille–ში. სადგურის ქვეშ განლაგებული მაღაზიები  გამოირჩევიან აგრეთვე მუშაობის ძალზე მოხერხებული გრაფიკით: ისინი მუშაობენ ყოველდღე 8.00–დან 20.00 საათამდე, გარდა შობის დღესასწაულისა.  ციურიხის მაღაზიათა უმრავლესობა ღიაა სამუშაო დღეებში 8.00–დან 18.30 საათამდე და შაბათობით 8.00–დან 16.00 საათამდე. ზოგიერთი დიდი მაღაზია მუშაობს ხუთშაბათობით 21.00 საათამდე, ზოგიერთი კი დაკეტილია დილაობით, ორშაბათ დღეს.
 
თუ თქვენ  მისდვეთ მოდას და ამჯობინებთ ნამდვილ ნადირობას ფასდაკლებებზე , აუცილებლად გაეგზავრეთ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, კერძოდ კი ტიჩინოში.
მინდრიზიოში მდებარეობს FoxTown Factory– ეს არის ადგილი, სადაც კუმირი დიზაინერების  ქმნილებები შესაძლებელია შეიძინოთ ქარხნის ფასიდან უზარმაზარი ფასდაკლებით (70%). ფასდაკლებების პიკი მოდის ზუსტად გაზაფხულზე.  FoxTown ტიჩინოში ეს არის  პირველი სავაჭრო კომპლექსი შვეიცარიაში, სადაც თავმოყრილია ცნობილი ბრენდების უმდიდრესი კოლექცია. მასში წარმოდგენილია 200–ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი, ხოლო მაღაზიების რიცხვი აღემატება 130–ს.
 
FoxTown – ევროპაში ამ სახის ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრია, სადაც ყოველი წვრილმანი გათვლილია იმისთვის რომ მომხმარებელმა თავი იგრძნოს კომფორტულად. ქალის და მამაკაცის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სპორტული საქონელი, ტყავის ნაკეთობები, აქსესუარები და საათები, საათვალეები, თეთრეული, საყოფაცხოვრებო ნივთები – უზარმაზარ ცენტრში შესაძლებელია იპოვოთ ნებისმიერი ცნობილი ბრენდი: Dior, Armani, Dolce & Gabbana, Versace, Gucci, Guess, Prada, Salvatore Ferragamo, Trussardi, Valentino, Boss, Yves Saint Laurent და მრავალი სხვა საკმაოდ მიმზიდველ ფასებში. FoxTown მუშაობს ყოველდღე 11.00–დან 19.00–მდე, კვირის ჩათვლით. შოპინგის დროს აქ შეგიძლიათ შეისვენოთ მშვენიერ კაფეებსა თუ რესტორნებში ან გაერთოთ კაზინოში.

შოპინგის მოყვარულთა შვეიცარულ რუქაზე არის კიდევ ერთი საინტერესო ადგილი –ეს არის ქალაქი ასკონა. ტიჩინოს მარგალიტი, როგორც მას ხშირად უწოდებენ განლაგებულია შვეიცარიის და იტალიის საზღვარზე, ტბა მადჟორის ულამაზეს ნაპირზე. ამ ქალაქისთვის დამახასიათებელია ტიპიური სავაჭრო ქუჩები უთვალავი მაღაზიებითა და დახლებით, სადაც იყიდება ყველაფერი რაც შესაძლებელია რომ მოიძებნოს ევროპაში– სამკაულებიდან ანტიკვარულ ავეჯამდე. აღსანიშნავია აგრეთვე , რომ აპრილის თვიდან ასკონში მაღაზიები  ღიაა კვირაობით, რაც ნამდვილად არ არის შვეიცარიაში ჩვეულებრივი და ტიპიური რამ.

მთლიანობაში კი არ აქვს მნიშვნელობა რომელ ადგილს აირჩევთ შოპინგისთვის – ელეგანტურ ჟენევას, მკაცრ ციურიხს თუ რომანტიულ ბუტიკებს ტიჩინოში, რადგანაც შვეიცარიაში ყიდვის პროცესი  ყოველთვის იქცევა დღესასწაულად და გჩუქნით კარგ განწყობას. მთავარია არ დაგავიწყდეთ წაიღოთ თან დიდი და ტევადი სამგზავრო ჩანთა :)
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2026 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121