განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
19 მარტი, 2024. სამშაბათი
GE
GE
სიახლეები ავტომოყვარულთათვის
02.06.2011
დელის ქუჩებში აღმოჩენილია ათეულობით მიტოვებული Bentley, Aston Martin, Rolls-Royce, Ferrari, Lamborghini
ამ დღეებში ინდოეთის დედაქალაქში საინტერესო სიტუაცია იქმნება. დელის ქუჩებში გამოჩნდა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების მიტოვებული მდიდრული ავტომობილები.

ადგილობრივი პოლიცია და საგადასახადო სამსახური იძულებულია ეს მიტოვებული მანქანები ქუჩებში შეაგროვოს და ავტოსადგომებზე გადაზიდოს. ამ მომენტისათვის ასეთი მიტოვებული ავტომობილების რაოდენობა უკვე 40-ზე მეტს შეადგენს.

საქმე იმაშია, რომ ზემოაღნიშნული ავტომობილები ინდოეთში შემოიტანა, ხოლო შემდეგ ,,ფასდაკლებით” ქვეყნის უზრუნველყოფილ მოქალაქეებზე რამდენიმე მაღალჩინოსანმა თაღლითმა გაასხვისა, რომლებმაც დიპლომატიური იმუნიტეტის გამოყენებით და საგადასახადო კანონმდებლობის გვერდზე ავლით ინდოეთში ასობით მოპარული სუპერძვირი მანქანა შემოიტანეს.

ინდოეთის შემოსავლების შესახებ მონაცემთა შეგროვების სამმართველოს (Directorate of Revenue Intelligence, DRI) ეჭვი აქვს, რომ ვინმე ბრიტანელი ბიზნესმენი და ჩრდილოეთ კორეის და ვიეტნამის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ინდოეთში ავტოსალონების ადგილობრივი  ქსელის მეშვეობით ახდენდნენ გატაცებული მანქანების გადაყიდვის სქემის რეალიზაციას, რამაც ისინი უმოკლეს დროში მილიონობით დოლარით გაამდიდრა.

ამ სქემის 4-5 წლის მოქმედების პერიოდში დამნაშავეებმა ინდოეთის ბაზარზე ლუქს კლასის 400-მდე ავტომობილის რეალიზაცია შეძლეს. ასეთი მანქანებით დღესაც დადიან ინდოეთის პოლიტიკური მოღვაწეები, ბოლივუდის კინომსახიობები, კრიკეტის ცნობილი მოთამაშეები და მრავალი ბიზნესმენი. მაგრამ ამჟამად ისინი იძულებულნი გახდნენ განერიდონ ამ მანქანებს ან დაამტკიცონ, რომ ისინი კეთილსინდისიერი შემძენები არიან. ამის დამტკიცება კი რთულია, რადგან ყველა მანქანა შემცირებული ფასით იყო გასხვისებული.

ამ საქმესთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ინდოეთში ლუქს კლასის ავტომობილებზე მოთხოვნა ძალზე მაღალია, მაგრამ საიმპორტო გადასახადი მათი ღირებულების 100%-ს შეადგენს. სწორედ ამიტომ თაღლითები ძვირადღირებულ ავტომობილებს იტაცებდნენ დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, სინგაპურში და იაპონიაში, ხოლო შემდეგ ინდოეთში დიპლომატიური არხებით შემოჰქონდათ, რითაც გადასახადების გადახდისაგან თავის არიდებას ახერხებდნენ.

როგორც The Telegraph იტყობინება, მას შემდეგ რაც საგადასახადო სამმართველომ ეს მასშტაბური კონტრაბანდა გამოავლინა, მანქანის შემძენებმა, შესაძლო საგადასახადო პრეტენზიების თავიდან აცილების მიზნით დაიწყეს ქალაქის ქუჩებში ისეთი ავტომობილების მიტოვება, როგორიცაა Porsche Panamera (ღირებულება ინდოეთში - დაახლოებით 400 000 დოლარი), Bentley Continental Supersport (550 000 დოლარი), Aston Martin (დაახლოებით 450 000 დოლარი), Maserati (280 000 დოლარი), აგრეთვე Rolls-Royce, Ferrari, Hummer,  Lamborghini.

კონტრაბანდაში თანამონაწილეობაში ეჭვმიტანილია ასევე მსხვილი ბრიტანელი ავტოდილერი, სწორედ რომლის სახელითაც ხდებოდა გატაცებული მანქანების გადაზიდვა. აქედან გამომდინარე, ინდოეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა  ამ საქმის გამოსაძიებლად დახმარებისათვის ლონდონს მიმართეს, რომელსაც ასევე დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე გამოძიების ჩატარებაზე ნებართვას სთხოვენ.

ამას გარდა, დეტექტივები აპირებენ ჩრდილოეთ კორეის და ვიეტნამის საგარეო საქმეთა უწყებებთან დაკავშირებას, თაღლითობაში ეჭვმიტანილი აღნიშნული ქვეყნების დიპლომატების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

ავტოსალონების ქსელის ხელმძღვანელი, რომელიც ამ ავტომობილებს დელიში იღებდა, მაისის დასაწყისში იქნა დაპატიმრებული. სუმით უოლიას ბრალი თაღლითობაში, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევასა და ქვეყანაში გაყალბებული საბუთებით ავტომობილების შემოტანაში ედება.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2024 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121