Education Ads Advertise with us Shops.ge
Sign in
Geo / Eng
29 March, 2024. Friday
EN
EN
 მალდივები
მალდივური დასვენება

„მახალ“ - ჰინდის ენაზე სასახლეს ნიშნავს, ხოლო „დივა“ - კუნძულს. ამ ორი სიტყვისგან წარმოიშვა მალდივების არქიპელაგის დასახელებაც. ნამცეცისოდენა მარჯნის კუნძულები, ინდოეთის ოკეანეში ეკვატორის წყლებშია განლაგებული, რომელთა სილამაზე - თეთრი ქვიშა და ღია მწვანე პალმები, ნახატს მოგვაგონებს და გარკვეული დროით რეალობასაც კი გვაშორებს.

ტურისტებში მალდივები პირველ რიგში დაივინგის წყალობითაა პოპულარული. სამოცდაათიანი წლების დასაწყისში მოგზაურმა -მკვლევარებმა მალდივებზე გასაოცარი სილამაზის წყალქვეშა სამყარო აღმოაჩინეს და იმ დღიდან კუნძულები ტურისტების საყვარელი ადგილია. დღეს მალდივებზე, დამსვენებლები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩადიან, რათა მარჯნის ატოლების და იქ მობინადრე სხვადასხვა ცხოველების და თევზების მრავალფეროვანი სამყაროს სილამაზით დატკბნენ. ზოგჯერ აქ წყლის ქვეშ მხედველობის არეალი ხომ 40 მეტრს სცილდება.

2000 კუნძულიდან დასახლებული დაახლოებით 200-ია. მათგან საშუალოდ 90 ტურისტების მისაღებადაა მოწყობილი. აქ არის კუნძული-აეროპორტი, კუნძლი-სკოლა, კუნძული-ციხე და ა.შ. და რა თქმა უნდა კუნძული-სასტუმრო.

კუნძულ-ატოლებს შორის დადიან კატერები, თვითმფრინავები და ვერტალიოტები, ასევე იქაური ტრადიციული ნავი „დონი“.

გართობა

დაივინგი

მალდივების წყალქვეშა სამყაროს სილამაზეს მარტო ეგვიპტის წითელ ზღვას თუ შევადარებთ. კუნძულის ედემის მსგავსი პეიზაჟი აფრიკულ უდაბნოსაც კი გაეჯიბრება სილამაზეში!

ყოველ სასტუმროში არის დაივინგ-ცენტრი საკუთარი ინსტრუქტორით, რომლებიც ძირითადად ევროპულ ენებზე საუბრობენ. ისინი დიდი სიამოვნებით შეგასწავლიან ყვინთვას და საერთაშორისო სერთიფიკატსაც გადმოგცემენ. ამ კურსის ღირებულება საშუალოდ 600 დოლარია. ამ სერთიფიკატით მსოფლიოს ნებისმიერი კურორტის წყლებში შეგიძლიათ ყვინთვა.

უფრო გამოცდილი დაივერებისთვის კი ღამით წყალში ჩაშვება, დრეიფი ღია დინებაში, წყალქვეშა გამოქვაბულებში და ჩაძირულ გემებზე ყვინთვა ნამდვილად არ იქნება პრობლემა.

სნორქლინგი

ეს წყლის სპორტის სახეობა ჩვეულებრივი ცურვაა, ყვინთვის ელემენტებით, რომლის დროსაც ადამიანი აღჭურვილია საცურაო ნიღბით, საჰაერო მილით და ლასტებით. სასტუმროში სნორქლინგის აღჭურვილობა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ასე რომ თუ სნორქლინგის მოყვარული ხართ, გირჩევთ ისინი თან წაიღოთ.

თუმცა, მალდივებზე დაივერის მოწყობილობის გარეშეც შეიძლება თევზი-კლოუნის, რიფის ზვიგენების, ზღვის ვარსკვლავების, დიდი კუების და უზარმაზარი მანტების იგივე ზღვის ეშმაკების დანახვა. ისინი ძლიერი დინების გამო მძიმე და მრავალმეტრიან „ფრთებს“ ნელა ამოძრავებენ და ისე გადაადგილდებიან.

ექსკურსიები

თუ მოგბეზრდებათ ერთ კუნძულზე ყოფნა და მოიწყენთ, თავისუფლად შეგიძლიათ მეზობელ კუნძლზე გაემგზავროთ. იქაურები გასვლითი ტურის სამ სახეობას შემოგთავაზებენ, ესენია: დაუსახლებელი კუნძულის მონახულება პიკნიკით ან ღამის ადგილზზე გათენებით, მეზობელ კუნძულ-სასტუმროს მონახულება, რათა იქვე SPA-ცენტრს ეწვიოთ ან ისადილოთ რესტორანში ან ექსკურსია ადგილობრივებით დასახლებულ კუნძულზე, სადაც თქვენ გაეცნობით მათ კულტურას, ტრადიციებს და შეიძენთ მრავალფეროვან სუვენირებს.

SPA

მასაჟი, პილინგი, ჯაკუზი, გამაჯანსაღებელი პროცედურები - მალდივებზე ამ ყველაფრის ნაირსახეობები უხვადაა შემოთავაზებული. SPA -ცენტრები ხშირად ოკეანის სანაპიროზე და ხან წყლის ქვეშაც კია განთავსებული.

თევზაობა

სწრაფმავალი კატერით ღია ზღვაში თევზაობა დილის ან საღამოს შეგიძლიათ. ამის ორგანიზებას სასტუმრო აკეთებს. წარმატებული თევზაობის შემდეგ, ყველა მონაწილისთვის დაჭერილ თევზს ნაპირზე წვავენ და ბარბექიუს აწყობენ.

ღირებულება

ყველაზე კარგი და აქტიური სეზონი მალდივებზე გვიანი შემოდგომაა. 14 დღიანი ტური 1500 ევროდან იწყება და 25 ათას ევრომდეც კი ადის!

ვიზა

ვიზა ტაილანდში 30 დღიანია და გამგზავრებამდე გაცილებით ადრე უნდა იზრუნოთ მის აღებაზე.

პროფესიონალი ტუროპერატორების აზრით, მალდივებზე დასასვენებელი ტურის არჩევანისას ყურადღება სამ კრიტერიუმზე უნდა გაამახვილოთ:

1. კუნძულის სიდიდე. დიდ კუნძულზე ძირითადად რამოდენიმე სასტუმროა და შესაბამისად ბევრი ხალხიც. ნებისმიერ შემთხვევაში, მალდივებზე სასტუმრო არასოდეს იქნება გადაჭედილი და არც რესტორანში ნახავთ დაჯავშნულ მაგიდებს. დიდ კუნძულებზე გასართობი ადგილების არჩევანიც ფართოა: რესტორნები, ბარები, წყლის სახეობის სპორტი. შესაძლოა დისკოთეკებიც. მალდივებზე საერთოდ გადამეტებული გართობის პოლიტიკა მინიმუმამდეა დაყვანილი, რადგან ხელი არ შეუშალონ მშვიდი დასვენების მოყვარულ ტურისტებს.

2. პირველ რიგში დაფიქრდით თუ რატომ მიდიხართ მალდივებზე. თუ დაივინგით ხართ გატაცებული, აირჩიეთ სასტუმრო „ოჯახური“ რიფებით და პატარა ლაგუნით. სასტუმროდან სულ რამდენიმე მეტრში მარჯნის რიფების ჯადოსნური სამყარო გადაგეშლებათ თვალწინ.

თუკი პლაჟზე კლასიკური დასვენება გსურთ, ასეთ შემთხვევაში პირიქით უნდა მოიქცეთ. რაც შორსაა რიფები, მით დიდია ლაგუნაც. ეს ბავშვიანი დამსვენებლებისთვის საუკეთესო ვარიანტია. პატარებს თავთხელ წყალში ჭყუმპალაობა ან ქვიშიან პლაჟზე თამაში ნებისმიერ დროს შეუძლიათ.

3. გამგზავრებამდე გადაწყვიტეთ თუ როგორ გარემოში გსურთ ცხოვრება. სასტუმროები ძირითადად ორი სტილისაა. შეგიძლიათ შეიგრძნოთ ველური კუნძულის გარემო, ველური ბალახებით და ეგზოტიკური ყვავილებით. ასეთი ტიპისაა ბუნგალო, რომელიც პალმის რტოებით გადახურულ ქოხს მოგაგონებთ. მის ინტერიერში ყურადღება ადგილობრივი ეგზოტიკურობის გამოკვეთაზეა გამახვილებული. ზოგიერთ ტურისტს კი „ცივილიზაცია“ მოსწონს - სახლი ბუხრით, კლასიკური სასტუმროს ინტერიერით, აკურატული ყვავილნარებით და პლაჟისკენ მიმავალი ბილიკებით.

თუ ტურისტულ ფირმას გამგზავრებამდე კარგა ხნით ადრე მოელაპარაკებით და გააფრთხილებთ, რომ დასვენება პატარა კუნძულზე გსურთ, სადაც მხოლოდ ერთი სასტუმრო, რამოდენიმე ერთმანეთისგან დიდი მანძილით დაშორებულები ბუნგალოდა ქვიშიანი პლაჟი იქნება, მერწმუნეთ იმედგაცურებული არ დარჩებით და არ აღმოჩნდებით დიდ კუნძულზე , სადაც ყოველ ბუნგალოში 4 ნომერია და შლამის იატაკია, სამაგიეროდ იქვეა მშვენიერი რიფი, ყვინთვისთვის შექმნილი საუკეთესო პირობები და ხმაურიანი საღამოები.

ხდება პირიქითაც, როდესაც ტურისტი მიდის გასართობად და წყნარ და მშვიდ კუნძულზე ამოჰყოფს თავს, და შემდეგ წუწუნებს, რომ „ბანანებზეც კი ვერ იკატავა“.

რა არ შეიძლება!

წყლიდან ცოცხალი მარჯნების გამოყვანა, ნიჟარების შეგროვება, და მკვდარი მარჯნების დამტვრევა სასტიკად აკრძალულია. თევზის თვითნებურად დაჭერა (თუ ეს სასტუმროს მიერ არაა ორგანიზებული), და წყალქვეშ ნადირობაც აკრძალულია. დაუშვებელია საცურაო კოსტიუმის გარეშე გარუჯვა.

მნიშვნელოვანი წვრილმანები

ენა

სახელმწიფო ენა - დევიჰი (Dhivehi). თუმცა ადგილობრივები, ტურისტებთან ინგლისურად საუბრობენ.

ალკოჰოლი

ქვეყანაში სპირტიანი სასმელის ჩატანა სასტიკად აკრძალულია. ამ მიზეზით ტურისტები თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას მკაცრ კონტორლს გადიან. თუ ალკოჰოლი აღმოგიჩინეს, არ ჩამოგართმევენ, უბრალოდ უფასო შემნახველ საკანში შეინახავენ და ქვეყნის დატოვების დროს დაგიბრუნებენ. დალევა სასტუმროს რესტორნებსა და ბარებში ნებადართულია (სადაც მომსახურე პერსონალი შრი-ლანკიდან და ინდოეთიდან არიან, რადგან ადგილობრივებისთვის ალკოჰოლით ვაჭრობა აკრძალულია).

საჭმელი

მალდივებზე პრაქტიკულად ყველა საჭმელი ჩამოტანილია. ასე რომ, საკვები და სასმელი ძალიან ძვირია. რესტორანში სადილი ორი პერსონაზე, მინიმუმ 150 დოლარზე მეტი დაგიჯდებათ. სასტუმრო

მალდივებზე სასტუმროებს ხარისხის აღმნიშვნელი ვარსკვლავებით არ აღნიშნავენ. აქ შეფასების სხვა სისტემას იყენებენ, ესენია: Delux, Superior, Standart. რაც ევროპული 5, 4 და 3 ვარსკვლავიანი სასტუმროს შესაბამისია.

ფული

მალდივებზე ფულის ერთეულია -მალდივური რუფია ( კურსი დოლართან -ერთ დოლარში დაახლოებით 12 რუფიას მოგცემენ). თუმცა აუცილებელი არ არის დოლარისა და ევროს გადახურდავება, რადგან ფულის ამ ერთეულს ყველა მაღაზიასა და სასტუმროში იღებენ.

სუვენირები

ზვიგენის ყბები, ხის და მარჯნის ნაკეთობები, ნოხები, შარფები, სარონგები (ქალის ტრადიციული გრძელი ქვედაბოლო), ქოქოსის ზეთი.

ადამკო რაიზენ - ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო პირობებს და უმაღლესი კლასის მომსახურებას სრული გარანტიით!
მალდივები - მომაჯადოევებელი სამყარო, ზურმუხტისფერი ოკეანე, ყურეები და მარჯნის რიფებით, ტროპიკული თევზებით, თეთრი ქვიშის პლიაჟებით.
All trademarks and logos are the property of their respective owners
© 2024 ARIS.GE LTD
App #3, 47 Kostava street,
Tbilisi, 0171, Georgia
phone: (+995 32) 2192121