
2012 წლისთვის სუფსის ნავმისადგომი აშენდება, რაშიც $700-800 მილიონი უნდა ჩაიდოს. პორტის პერსპექტივებზე გაზეთთან ინტერვიუში პორტის ტერიტორიის მფლობელი კომპანიის Black Sea Product გენერალური დირექტორი შალვა წაქაძე საუბრობს.
როგორც წაქაძე აღნიშნავს, სუფსის პორტის აკვატორიაში 18-20 მეტრის სიღრმეა, რაც სხვა ქართული პორტებისთვის მიუწვდომელია. ჩვენ შეგვეძლება მივიღოთ ყველა გემმზიდი, რომელსაც ბოსფორის სრუტე გაატარებს, აცხადებს ის. ყოველწლიურად პორტის ბრუნვა 40 მილიონი ტონა იქნება.
Black Sea Product-ი რეგისტრირებულია თბილისში, მისი პარტნიორები არიან ინდური და ებრაული ჯგუფები, აცხადებს წაქაძე და აღნიშნავს, რომ 2012 წლის მერე სამუშაოები გაგრძელდება და 2015 წლისთვის ჩადებული იქნება $1 მილიარდი.
კულუარული ინფორმაციით, პორტის ხელმძღვანელად ლანჩხუთის გამგებელ გიორგი გუგუაძეს მოიაზრებენ, რომელსაც სუფსის ტერმინალთან დაკავშირებით სერიოზული გამოცდილება აქვს მიღებული, აღნიშნავს სტატიის ავტორი.