
წლების განმავლობაში ფოთი სასმელი წყლით დღეში 2 საათით მარაგდებოდა, დაბინძურებული წყალი ხშირად ხდებოდა ინფექციურ დაავადებათა გავრცელების მიზეზი.
24-საათიანი წყალმომარაგების პროექტის იდეა 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ გაჟღერდა. პროექტის ხანგრძლივობად 18 თვე განისაზღვრა, ღირებულებად - 12.3 მილიონი EUR (მაშინდელი კურსით 27 მილიონი ლარი).
პროექტს ათასწლეულის ფონდი (MCG) და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებდნენ. 5.5 მილიონი ლარის სესხი კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) გასცა.
შედეგად მოსახლეობისთვის წყლის მოხმარების გადასახადი 1 კუბმეტრზე 35-დან 55 თეთრამდე გაიზარდა.
წყლის მრიცხველების მონტაჟი კომპანია რემმშენს 1.13 მილიონად უნდა განეხორციელებინა.
ახალგაზრდული სამეცნიერო-საინფორმაციო ცენტრის ჩატარებული მონიტორინგის შედეგად აცხადებს, რომ ფოთში მხოლოდ კომლების 62%-ს დაუმონტაჟდა მრიცხველი, რაც 70 ლარი დაუჯდა თითოეულ ოჯახს. 3-4 თვეში მრიცხველების 25% წყობიდან გამოვიდა.
როგორც არასამთავრობო კოალიციაში ასა აცხადებენ (დაკვირვებას ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს), ფოთში არასწორად იყო გაკეთებული პირველადი მონაცემების კვლევა, რომლის საფუძველზე საპროექტო დავალება გაიცა. კოალიციაში პროექტის წარუმატებლობის ერთ-ერთ მიზეზად საზოგადოების ჩაურევლობას და პროცესების გაუმჭვირვალობას ასახელებენ.
აღსანიშნავია, რომ ფოთში მოქმედი სახელმწიფო შპს წყალკანალის უფროსი ვლადიმერ მსხილაძე 2009 წლის 9 ივლისს სახსრების არამიზნობრივად გამოყენების გამო პროკურატურამ დააკავა. მას 30-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
ახლა კი ფოთის შიდა ქსელის რეაბილიტაციის აუცილებლობაზე საუბრობენ. 20 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის 80%-ს აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს.
სტატია მომზადებულია ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში.