განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
16 აპრილი, 2024. სამშაბათი
GE
GE
მოგზაურობა და დასვენება
06.04.2010
ტუნისი– ხმელთაშუა ზღვა, კართაგენი, სახარა და ყავა კრუასანით

ტუნისი. ევროპა აფრიკულად

„აფრიკის ჩრდილოეთი სანაპირო“– სიტყვათა ეს წყობაც კი მალავს საიდუმლოს. რომლის გამოცნობა ძალზე  მარტივია მათთვის ვინც  ერთხელ მაინც მოხვდება ტუნისში.
 
ტუნისი– არაბულ ქვეყნებს შორის ყველაზე ევროპული, რომელიც 75 წლის განმავლობაში  წარმოადგენდა საფრანგეთის კოლონიას და ამას ნამდვილად არ ჩაუვლია უკვალოდ: კომფორტული სასტუმროები, ევროპული სერვისი, აღმოსავლური სამზარეულო ფრანგული დახვეწილობით, ფრანგული ტექნოლოგიების გამოყენებით მშრალი ღვინის წარმოება.  ალბათ ნამდვილად წარმოუდგენელია, რომ ამ არაბულ ქვეყანაში  გლეხიც კი საუბრობს ფრანგულად.  „ბონჟურ მადამ“ ამ ფრაზით ხვდებიან ქალებს სასტუმროებსა და რესტორნებში. სასტუმროში საუზმის დროს კი აღმოსავლური ტკბილეულობის და ეგზოტიკური ხილის გვერდით თქვენ აუცილებლად აღმოაჩენთ რამდენიმე სახის კრუასანს :)

ყოველწლიურად ამ პატარა საუცხოო და  ეგზოტიკურ ქვეყანას  სტუმრობს იმდენივე ტურისტი რამდენიც ეგვიპტეს, რომელიც რამდენჯერმე მასზე დიდია.  და ეს არც არის გასაკვირი:  საუკეთესო კლიმატი, მრავალფეროვანი ბუნება, უამრავი ისტორიული ძეგლი, ევროპული დონის მომსახურება შერწყმული აღმოსავლურ ტრადიციულ სტუმართმოყვარეობასთან განაპირობებს ტუნისის პოპულარობას.
  
ერთი დეტალი აქ იქცევს ყველა ტურისტის ყურადღებას– ქალაქის ქუჩებში და თითქმის ყოველი ფარდულის კედელზე აქ ნახავთ ამჟამინდელი პრეზიდენტის სურათს. ტუნისელების სიყვარული პრეზიდენტის მიმართ გულწრფელი და ნამდვილად დამსახურებულია. ბოლო ათწლეულში ახალგაზრდა და ენერგიულმა ქვეყნის მმართველმა გაატარა ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები, რომელთა შედეგები ქვეყნისთვის სიკეთისა და სიძლიერის მომტანია.
 
ტუნისში არ ხდება საკვები პროდუქტების იმპორტირება. რესტორანში შესული ტურისტი ალბათ ვერც წარმოიდგენს რომ უზარმაზარი ლანგუსტები, მეფური კრევეტები, შებოლილი ხბო, ქარვასავით ფინიკები, წვნიანი მარწყვი, ზეთის ხილი და ყველაფერი დანარჩენი რაც მან შეუკვეთა ვახშმაზე უმშვენიერესი ღვინის ჩათვლით ტუნისური წარმოებისაა.

ტუნისში აიკრძალა მრავალცოლიანობა და ეს მოვლენა მუსულმანური სამყაროსთვის ნამდვილად ფენომენალურია. ამ ქვეყანაში რეალურად არსებობს თანასწორობა  ქალსა და მამაკაცს შორის. ტუნისის ქუჩებში თქვენ ვერ დაინახავთ ქალებს,  რომლებიც მალავენ თავის სახეებს.  დედაქალაქში მოდის მიმდევარი ქალები   ატარებენ მანქანებს და აცვიათ ჯინსები. 
სახელმწიფოს საფუძველია საშუალო ფენა (ის შეადგენს მოსახლეობის 60%–ს). ტუნისელების საშუალო ხელფასია $400–$500, ხოლო პენსია (გამაგრდით საპენსიო ასაკის მკითხველებო) –დაახლოებით $300. მოსახლეობის ყველა ფენისთვის სოციალური დახმარების პროგრამის არსებობა  ასევე წარმოადგენს სიამაყის საგანს.

აღსანიშნავია, რომ ტუნისის ქუჩებში თქვენ ყურადღებას ნამდვილად არ მიიპყრობს უახლესი ავტომანქანების სიმრავლე და თვალშისაცემი სიმდიდრე.  მთავარია ის რომ ამ ქვეყანაში არ არინ ღარიბები. ტურისტს აქ აუღელვებლად შეუძლია ქუჩებში სიარული შუაღამეს, რადგან არც მის ჯამრთელობას, არც  ფულს და არც ფოტოაპარატს არაფერი ემუქრება.

ჩქაროსნული ავტომაგისტრალები, თანამედროვე დედაქალაქი, ახალი აეროპორტები, სასტუმროები– ტუნისში ყველაფერი ეს შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს.
სასტუმროები აქ წააგავს სასახლეებს „1001 ღამიდან“, ფინიკები და ზეთის ხილი კი იზრდება პირდაპირ გზის პირას. და კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი უპირატესობა– ფასები აქ გაცილებით ნაკლებია ევროპულ კურორტებთან შედარებით და უახლოვდება თურქულს. 
 
ტუნისი. ეგზოტიკური დასვენება

ტუნისი მდებარეობს აფრიკის ჩრდილო–აღმოსავლეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. სწორედ ამის გამო ქვეყნის საკურორტო ნაწილში კლიმატი საკმაოდ რბილია– ზაფხულშიც კი ტემპერატურა არ აღემატება +32–35 გრადუსს.

ტუნისური კურორტები: მონასტერი, სუსი, ხამამეთი, მახდია, დჟერბა –ეს არის უმშვენიერესი ქვიშიანი პლიაჟები, რომელთა გასწრივ განლაგებულია თეთრი ფერის (ტუნისში შენობების უმრავლესობა როგორც წესი თეთრი ფერისაა) აზიურ სტილში აშენებული გუმბათიანი სასტუმროები, უამრავი რესტორანი და კაფე, პალმები, ყვავილების ზღვა და  ცის ლაჟვარდოვანი ფერი, რომელზეც ვერ იპოვით ვერც ერთ ღრუბელს.

ტუნისში თქვენ არ მოგათავსებენ სასტუმროში, რომელსაც ზღვასთან ყოფს ავტომაგისტრალი ან რომელიც ზღვიდან ნახევარი საათის სავალშია. აქ ეს უბრალოდ შეუძლებელია. სასტუმროებთან არსებული სპორტკლუბები შემოგთავაზებენ საწყალოსნო აქტიური დასვენების ნებისმიერ სახეობას– დაივინგიდან სერფინგამდე.
ქალებს კი რომლებიც ზრუნავენ საკუთარი სხეულის სილამაზეზე აქ ელოდებათ  ტალასოთერაპიის საუკეთესო ინდუსტრია. ითვლება, რომ ტალასოთერაპიის (მკურნალობა ზღვის წყლით, ტალახით და წყალმცენარეებით)  სამშობლო არის საფრანგეთი. სინამდვილეში კი ჯერ კიდევ სამი ათასი წლის წინ ტუნისში რომაელები და კართაგელები აშენებდნენ თერმულ აბანოებს, სადაც იყენებდნენ ზღვის წყალს. დღესდღეობით ტუნისში  რამდენიმე ათეული მაღალი კლასის სასტუმროა, სადაც ფუნქციონირებს ტალასოთერაპის ცენტრები.
 
სუსი– ყველაზე მოდური კურორტი ტუნისში, არაბული სტილის მაღალი კლასის სასტუმროებით.  სიდიდით მესამე ქალაქი და  კართაგენზე უფროსი წლოვანებით ეს პატარა საკურორტო ქალაქი ყველაზე მეტად განვითარებული ტურისტული ცენტრია ტუნისის აღმოსავლეთ სანაპიროზე. სუსის პატარა ქუჩებში სეირნობისას ადვილად შეიქმნით შთაბეჭდილებას  ტიპიურ არქიტექტურაზე, რომელშიც სჭარბობს გუმბათოვანი, თეთრი სახლები. ცნობილი ფირმების ბუტიკები, ღამის კლუბები, რესტორნები, ბაზრობები, სახელოსნოები, სადაც მზადდება და იყიდება ვერცხლის, ოქროს, ფოლადის, მარჯნის, ხის და ტყავის ნაკეთობები. ძველი ქალაქი (მედინა), რიბატი (780წ.)– მეჩეთი ციხესიმაგრის ყველა ატრიბუტით, ქრისტიანული კატაკომბები, მოზაიკური სურათების მუზეუმი– ყველაფერი ეს განთავსებულია სუსში.  1970 წ. კი 5 კმ–ში ჩრდილოეთით სუსისგან შეიქმნა ტურისტული კომპლექსი პორტი „ელ–კანტაუი“. უზარმაზარი ზღვის ყურის გარშემო ჩამწკვივებულია ულამაზესი თეთრი სახლები, ზღვაზე დასეირნობენ იახტები და საექსკურსო კატერები. დაივინგის ცენტრი და აკვაპარკი, ღამის კლუბები, კაზინო, ბარები– ყველაფერი ეს მაგნიტივით იზიდავს ტურისტებს, განსაკუთრებით კი ღამის აქტიური ცხოვრების მოყვარულთ.
 
ტუნისი. ტუნისური ღირსშესანიშნაობები

ტუნისი ეს არის კურორტი, სადაც  ზღვაზე ეგზოტიკური დასვენების  გარდა აუცილებელია მინიმუმ 1–2 დღე დაუთმოთ ექსკურსიებს.  ყველაზე პოპულარული ექსკურსია– დედაქალაქში გამგზავრება, კართაგენის, მუზეუმი „ბარდო“–ს და დასახლება სიდი ბუ საიდის მონახულებით.

ექსკურსიის დროს არ დაგავიწყდეთ, რომ ტუნისში აკრძალულია სამხედრო ობიექტების და სახელმწიფო დაწესებულებების გადაღება. კატეგორიულად იკრძალება პრეზიდენტის სასახლის გადაღება (ის გადმოყურებს კართაგენს და მას თქვენ შორიდან შეავლებთ თვალს) თუ გეგმავთ მუზეუმში გადაღებას, მაშინ შესვლისას აუცილებელია შეიძინოთ სპეციალური ბილეთი ( ღირებულება 1 ტუნისური დინარი). ასევე უმჯობესია მოერიდოთ თავად ტუნისელების გადაღებას, თუ არ გაქვთ მიღებული მათგან წინასწარი თანხმობა.

კართაგენი– ქვეყნის ტურისტულ რუქაზე არის წერტილი, რომელსაც შეუძლია ბანაობას და გარუჯვას დაუმატოს ბევრად მნიშვნელოვანი და არსებითი რამ. ეს არის კართაგენი– უძველესი ქალაქი– სახელმწიფო, რომელიც საუკუნეების წინ  მეფობდა ნახევარ მსოფლიოზე. კართაგენი (მდებარეობს დედაქალაქიდან 15 კმ–ში), დაარსებული ჩვენ წელთააღწიცხვამდე 814 წელს, რა თქმა უნდა იყო დანგრეული. მაგრამ ბევრი რამ კვალავ აღადგინეს. დღეს აქ შესაძლებელია იხილოთ რომაული შენობების– კაპიტოლიუმის, ამფითეატრისა და ვიზანტიური ეკლესიების ნანგრევები.
  
მუზეუმი „ბარდო“–
განლაგებულია კართაგენისკენ მიმავალ გზაზე. აქ განთავსებულია  ტუნისური არქეოლოგიური გათხრებიდან მოგროვილი მოზაიკები, რომელთა  ფრანგეტების ზომები და ხარისხი ნამდვილად გაგანცვიფრებთ.  ეს არის რომაული მოზაიკის ყველაზე დიდი კოლექცია მსოფლიოში.
  
ტუნისი – ტუნისის დედაქალაქი, უზარმაზარი თანამედროვე მეგაპოლისი საუკეთესოდ შემონახული შუასაუკუნობრივი მედინით (ძველი ქალაქი). ქალაქის თანამედროვე რაიონები შექმნეს ფრანგმა არქიტექტორებმა, ინტუიციურად მიზანსწრაფულნი რომ აღმართონ „ჩრდილოეთ აფრიკის პარიზი“. 
ტუნისური „ელისეის მინდვრები“ , რომლებიც კვეთს ქალაქს დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გამოირჩევა კოლორიტული სიმწვანით. აქ არის ტუნისური „ტრიუმფალური კარიბჭეც“. არის აგრეთვე მცირეგაბარიტიანი „ბიგ ბენი“, რომელიც წარმოადგენს ლონდონის მიმართ ერთგვარ რევერანსს. მუსულმანური ქვეყნის დედაქალაქის ცენტრში თქვენ უეცრად დაინახავთ კათოლიკურ ეკლესიას და არ იფიქროთ რომ მოგეჩვენათ – ეს სინამდვილეა :) თქვენ უყურებთ ფრანგების მიერ აგებულ კათედრალურ ტაძარს.

ძველი ქალაქი– მედინა– დაარსდა 13 საუკუნის წინ. აქ შემოინახა XIII–XIV საუკუნეებში აგებული არა მხოლოდ ცალკეული შენობები არამედ კვარტლებიც კი. ცნობილი უზარმაზარი მეჩეთი „ზიტუნას“ გარშემო მონაცვლეობს პატარა, ვიწრო ქუჩების ლაბირინთები. აქ არის უამრავი მდიდრული მაღაზია და რა თქმა უნდა აღმოსავლური ბაზარიც. სუვენირების შეძენისას აუცილებლად ევაჭრეთ გამყიდველს – ფასი შესაძლებელია რამდენჯერმე დააკლებინოთ! არ მოგერიდოთ, აქ ეს ტრადიციაა.

სიდი ბუ საიდი– თეთრისა და ცისფრის სიმფონია, პატარა ქალაქი სადაც ყველაფერი ორ ფერშია გადაწყვეტილი. მას ეძახიან ტუნისურ მონმარტს, რადგან აქ უყვართ შეკრება მხატვრებსა და პოეტებს. ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ის მიჩნეულია ტუნისის ულამაზეს ადგილად. აქედან იშლება საუკეთესო ხედი ტუნისის ყურეზე.
მაღალ მთაზე მერცხლის ბუდეების მსგავსად უწესრიგოდ მიმოფანტულია პატარა თეთრი სახლები ცისფერი აივნებითა და ფანჯრებით.
 
ყოველი კარი აქ წარმოადგენს ხელოვნების ნიმუშს. არც ერთ მათგანზე არ მეორდება ჩუქურთმა. სიდი ბუ საიდში არ არის არც მუზეუმები, არც ისტორილი ძეგლები, მაგრამ საექსკურსიო ავტობუსების ნაკადი აქ არ წყდება. ეს ქალაქი იმდენად უცხოა და თვითმყოფადი, რომ ნამდვილად არ მოგბეზრდებათ მის პატარა ქუჩებში ხეტიალი.  შეგიძლიათ შეისვენოთ ცნობილ კაფეში  “Nattes”, გაიხადოთ ფეხზე და ჩამოჯდეთ რბილ ხალიჩაზე. კაფეს ტერასიდან იშლება განსაცვიფრებელი ხედი ქალაქის თეთრ–ცისფერ ქუჩებსა და პორტზე.

ნამდვილი ეგზოტიკისთვის გაემგზავრეთ ქვეყნის სამხრეთში. (ამისთვის ნამდვილად ცალკე დღეა დასაგეგმი)., სადაც მდებარეობს ცნობილი უდაბნო სახარა. გავარვარებული ცხელი ჰაერი თითქოს ლივლივებს ვარდისფერი ქვიშის თავზე, ჩრდილში აქ +45 გრადუსია. განსაკუთრებული და შეუდარებელი უდაბნოს ატმოსფერო, ასობით აქლემი, დაუვიწყარი  მზის ჩასვლა, უმდიდრესი სასტუმროები, რომლებიც მოგვაგონებენ სულთანის სასახლეს, ულამაზესი ოაზისები და უდაბნოსთვის დამახასიათებელი მირაჟი. ნუ შეშინდებით: უდაბნოში მოგზაურობენ კომფორტული ავტობუსებითა და ჯიპებით, სასტუმროებში აუცილებლად არის კონდიციონერები, აქლემებით გასეირნობა ან კვადროციკლებით შეჯიბრი ეწყობა  დილით ადრე ან საღამოს, როდესაც სიცხე კლებულობს.
 
 ტუნისი. ნაციონალური კერძები

ნაციონალური სამზარეულოს ერთერთი საუკეთესო რესტორანი „დარ ბელხაჟ“ მდებარეობს დედაქალაქში– მედინაში. სახლი რომელშიც ეს რესტორანია მოწყობილია 1300 წელს ითვლის. მისი სამზარეულო და მომსახურება განეკუთვნება უმაღლეს კლასს.

ნაციონალური კერძებიდან  აუცილებლად დააგემოვნეთ  წვნიანი „შორბა“ ხბოს ხორცით და  ბატკანი  თიხის ქოთანში, რომელსაც გატეხავენ თქვენს თვალწინ,  აგრეთვე შაკენუკი“–ტუნისური რაგუ.

თევზეულის სახეობების სიმრავლე ნამდვილად გაგაკვირვებთ. თევზს აქ ამზადებენ პამიდვრით და წიწაკით სხვადასხვა სანელებლების დამატებით.
 
ტუნისელებს აქვთ უამრავი ტკბილი დესერტი ფინიკით და ქიშმიშით, ფახლავა, ნუგა აგრეთვე კექსები ფორთოხლის ყვავილის სურნელით, ფისტაშკებით, ნუშით, ფინიკებით და თაფლით. ყველაფერს ამას აყოლებენ უნაზეს ღვინოს: ძველი ტიბარი, მორნაგი, კუდიატი. 
 
სურნელოვანი ჩაი პიტნით კი აქ ნამდვილად მაცოცხლებელი ელექსირია. ტუნისში სადილი ღვინით კარგ რესტორანში დაგიჯდებათ დაახლოებით 25–20 $, უბრალოდ წახემსება კი ბევრად ნაკლები 5–10$.

როგორც წესი საუზმეზე და ვახშამზე ყველა სასტუმროში გაშლილია უხვი  შვედური მაგიდა. მაგრამ თუ გინდათ გაანებივროთ საკუთარი თავი გაეშურეთ რესტორანში. მაგალითად, თევზის რესტორანი  "Sidi Slim“ ხამამათში. სამეფო კრევეტები, მიდიები ან ლანგუსტები აქ საუკეთესოდ არის მომზადებული. დააყოლეთ ჩაციებული შარდონე ან მუსკატი.  ოფიცინტები ტუნისურ რესტორნებში არიან ნამდვილი ვირტუოზები. გემსახურებიან სწრაფად, დახვეწილად, ყოველი მოძრაობა დამუშავებული და ზუსტია.
 
თუ გსურთ მეტი ეგზოტიკა, მაშინ  გირჩევთ წახვიდეთ რესტორანში ტუნისური ღამის პროგრამებით. მუცლის ცეკვა, არაბული სიმღერები სიყვარულზე, ჩილიმის ტკბილი ბოლი.  ეს ყველაფერი წააგავს  ზღაპარს 1001 ღამიდან!
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2024 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121