10.10.2011
ტოსკანას გული
იულიუს კეისარის მიერ ჩვ. წ.აღ-მდე 59 წელს დაარსებულ ქალაქს უწოდებენ იტალიის ულამაზესი რეგიონის ტოსკანას გულს, ქალაქ-მუზეუმს, ყვავილოვან ქალაქს, მისი დასახელება- ფლორენცია სწორედ ასე ითარგმნება- „ყვავილოვანი“. ტოსკანა სამშობლოა ისეთი გენიოსების როგორებიცაა ბოტიჩელი, დანტე, ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, გალილეო გალილეი, ამერიგო ვესპუჩი და ა.შ რაც რა თქმა უნდა აისახება მის რეგიონალ ცენტრზე- ფლორენციაზე.
ქალაქთან გაცნობა აუცილებლად უნდა დაიწყოთ მოედნით Signoria. აქ Palazzo Vecсhio სასახლის გვერდით თქვენ შეგხვდებათ ღია ცის ქვეშ მდგომი მიქელანჯელოს რამდენიმე სკულპტურული ქმნილება, მათ შორის ლეგენდარული დავითი. თუმცა ეს გიგანტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა ფლორენციის რესპუბლიკის სიმბოლოს მხოლოდ ასლია, ორიგინალი კი გადატანილი იყო Opera del Duomo (Piazza Duomo, 9) მუზეუმში.
გვერდით (Piazzale degli Uffizi, 6) მდებარეობს აგრეთვე ცნობილი უფიცის გალერეა. არ შეშინდეთ და აუცილებლად მოინახულეთ ის, იმ შემთხვევაშიც კი თუ დროში ძალიან შეზღუდული ხართ- ეს არ არის ლუვრი ან ერმიტაჟი. გალერეა საკმაოდ კომპაქტურია და მისი დათვალიერება შესაძლებელია 2-3 საათში. სწორედ აქ ინახება ბოტიჩელის ცნობილი ნამუშევრები - „გაზაფხული“ და „ვენერას დაბადება“. უზარმაზარი პანორამული ტილოები, რომელთაგან თვალის მოწყვეტა შეუძლებელია. მხოლოდ მათ სანახავადაც კი ღირს ფლორენციაში ჩამოსვლა! გალერეის ფანჯრებიდან იხსნება განსაცვიფრებელი ხედი ქალაქის სხვა ღირშესანიშნაობაზე- მდინარე არნოზე გადებული ხიდი Vecchio (ძველი ხიდი), ახლა მას უწოდებენ „ოქროს“ ხიდს, რადგანაც მასზე განლაგებულია უამრავი საიუველირო ჯიხურები. საიუველირო საქმის ნამდვილი ოსტატები ტურისტებს სთავაზობენ საუცხოო ნაკეთობებს.
ფლორენციის კიდევ ერთი უდიდესი ღირშესანიშნაობაა პიტის სასახლე ( Palazzo Pitti) რენესანსის სტილის უზარმაზარი სასახლე, რომელიც მდებარეობს მდ. არნოს სამხრეთ სანაპიროზე პონტე ვეკიოს (ძველი ხიდი) სიახლოვეს. ის დღესაც წარმოადგენს ფლორენციის ადმინისტრაციულ ცენტრს.
სხვა ფლორენციული must see, რომელიც ასევე შესაძლებელია მოინახულოთ მოკლე დროში არის Galleria dell’ Academia (Via Ricasoli, 60), სადაც ასევე განთავსებულია სახვითი ხელოვნების დიდი კოლექცია, ტაძარი Santa Maria del Fiore (Piazza del Duomo) საუცხოო მარმარილოს მოზაიკით, Casa di Dante- მუზეუმი, რომელიც ეძღვნება გამოჩენილ პოეტს (Via Santa Margherita, 1)
დანტე ალიგიერის ქუჩაზე შემონახულია დანტეს სახლი, სადაც დაიბადა პოეტი. მედიჩის კაპელაში შესაძლებელია მოინახულოთ მიქელანჯელოს მიერ შესრულებული აკლდამა, ხოლო აკადემიის მუზეუმში ნახოთ - დავითის ქანდაკება.
მაგრამ იმისთვის რომ ბოლომდე შეიგრძნოთ ფლორენციის ხიბლი არ ღირს ქალაქთან გაცნობის პროცესში შემოიფარგლოთ მხოლოდ მუზეუმებით. ნამდვილად ღირს გაისერნოთ ფლორენციის ულამაზეს ქუჩებში, რომელთაც შეინარჩუნეს შუასაუკუნეების ატმოსფერო, მოკალათდეთ რომელიმე მყუდრო კაფეში, დააგემოვნოთ ცნობილი ტოსკანური ტკბილეული.
ამავე კვარტალში შესაძლებელია გემრიელად ისადილოთ, ამასთანავე შეგიძლიათ არ ეძებოთ მაინცდამაინც ძვირიანი რესტორანი: თითქმის ნებისმიერ პიცერიაში თქვენ შემოგთავაზებენ მშვენიერ ყავას ან ჭიქა კიანტის, უთხელეს და უგემრიელეს პიცას, ან აპეტიტის მომგვრელ იტალიურ პასტას.
ფლორენცია მშვენიერი ადგილია აგრეთვე შოპინგისთვის. ყველაზე საინტერესო მაღაზიები განლაგებულია Piazza del Duomo და Piazza Signoria მიდამოებში მდებარე პატარა ქუჩებზე. აქ მშვენიერი არჩევანია ტანსაცმლის, ფეხსაცმელების, აქსესუარებისა თუ საიუველირო ნაწარმის. საკმაოდ მისაღებ ფასებში შესაძლებელია შეიძინოთ ვენეციური და მურანოს შუშის ნაკეთობები. ადგილობრივი შოპინგის განსაკუთრებული „ფანტია“ - ტანსაცმელი და აქსესუარები აღორძინების ეპოქის მიქალანჯელოს, ბოტიჩელის, რაფაელის ტილოების ელემენტებით.